Pages

თავისუფალი გვერდი

                   რისი იმედი გაქვს და რაზე ხარ დანდობილი?


        ჩვენი დღევანდელი საუბარი მინდა დავაფუძნო ბიბლიიდან აღებულ ორ ადგილზე. პირველი არის ებრაელთა წერილიდან, მეათე თავი მუხლი 35, სადაც ვკითხულობთ:"მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს"(ებრაელთა 10:35).  კიდევ მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება ერთ ძალიან საინტერესო და ჭკუის სასწავლებელ ისტორიაზე, რომელიც მოთავსებულია ძველი აღთქმის მეოთხე მეფეთა წიგნში. აქ მოთხრობილ ამბავში, აღწერილია ღვთის ხალხის ცხოვრების ავბედითი პერიოდის შესახებ.  სარგონმა, აშურეთის მეფემ, ისრაელის ათი შტო დაიპყრო და ტყვედ წაიყვანა, ხოლო ამის შემდგომ სანხერიბმა, რომელიც ასურეთის შემდეგი მეფე გახდა, გადაწყვიტა, რომ დაემთავრებინა ხმელთაშუაზღვის ქვეყნების დაპყრობა. როგორც უკვე ვთქვით, ისრაელის 10 შტო უკვე ტყვეობაში იმყოფებოდა და დარჩენილი იყო იუდას მთლიანი შტოს დაპყრობა, სადაც იმ ხანებში ხიზკიაჰუ მეფობდა. სანხერიბმა პირველად გამაგრებული ქალაქი ლაქიში დაიპყრო, რომლის დაცემითაც ძლიერ შეწუხდა მეფე ჰიზკიაჰუ, არა მარტო ქალაქის დაკარგვის გამო, არამედ იმის გამოც, რომ იგი უკეტავდა მას უკანდასახევ გზას. ახლა მას უკვე სხვა გზა აღარ ჰქონდა, იგი პირისპირ უნდა შეხვედროდა მტერს. უკანდახევა შეუძლებელი იყო. იგი ყველა მხრიდან აშურელთა მებრძოლებით იყო ალყაშემორტყმული.  მეოთხე მეფეთა წიგნის მე-18 თავის (19-20) მუხლში, სანხერიბის მიერ ხიზკიაჰუსთან მოსალაპარაკებლად წარგზავნილი რაბშაკე ეუბნება ხალხს, რომლებიც ხიზკიაჰუს სასახლის კარზე მსახურობდნენ: "გადაეცით ხიზკიაჰუს, ასე თქვა-თქო დიდმა მეფემ, აშურის მეფემ: რისი იმედი გაქვს და რაზე ხარ დანდობილი?"შენ ამბობ: ომისთვის რჩევაც მაქვს და ძალაცო! ფუჭი სიტყვებია ეს, ახლა ვისზე ხარ დანდობილი, რომ ამიჯანყდი?"(4 მეფეთა 18:19).  დიახ, ეს იყო ხიზკიაჰუს გამოცდის მძიმე წუთები. ახლა ხიზკიაჰუ ისეთ სიტუაციაში იმყოფებოდა, რომ მხოლოდ 2 არჩევანიღა დარჩენოდა: ან გახსნილად უნდა ეღიარებინა რომ ღმერთის იმედი არ ქონდა და დანებებოდა მტერს, ანდა მთლიანად გადაებარებინა თავისი იმედი ღმერთზე იმ რწმენით, რომ იგი დაიხსნიდა ამ უბედურებიდან. 
         ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მწამს, რომ ღმერთი ხანდახან უშვებს იმას, რომ  ჩვენ საათობით გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ.   პირველ რიგში ეს  ხდება იმიტომ, რომ  გამოვიცადოთ - მაგრამ ამავე დროს გამოაჩინოს თავისი ძალა და დიდება. ხანდახან ჩვენ  ისეთ  სიტუაციაში ვვარდებით, თითქოსდა ჩვენს წინ მთელი ზღვა შავად იყოს გადაჭიმული, უკან  ეგვიპტელები მოგვსდევენ, ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ უშველებელი მთები იყოს გადაჭიმული.  ჩემო საყვარლებო, მორწმუნის ასეთ ვითარებაში ჩავარდნის შესახებ, მოციქული იაკობი თავის წერილში გვასწავლის : "ყოველგვარ სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით“ (იაკობი 1:2). აი სწორედ ეს არის ღმერთზე მინდობა. ო ჩემო საყვარლებო, რომ შეგვეძლოს რომ ყველაფერში ღმერთის ხელი დავინახოთ და ყველაფრისთვის მისი მადლობლები ვიყოთ, რომ მუდამ ვადიდოთ იგი სიტუაციებისგან დამოუკიდებლად, რაგინდ გამოუვალადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ისინი, მთელი იმედი ღმერთზე დავამყაროთ და მას მივენდოთ, მაშინ ჩვენ ჭეშმარიტად მუდმივად გამარჯვებულები ვიქნებოდით ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ ხორცისთვის, მით უფრო ძნელია ღმერთის განდიდება და მადლიერება, რაც უფრო ყვლაფერი ჩვენს წინააღმდეგ ხდება.  ჩვენ ვიცით, რომ ხორცი და რწმენა ვერანაირად ვერ თანხმდებიან ერთმანეთში. ხოდა ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მიდრეკილნი ვართ, რომ მტრის შემოთავაზებულ წინადადებას დავუგდოთ ყური და ხორცის ნებას დავემორჩილოთ.
           ხიზკიაჰუ იყო  დავით მეფის ერთ-ერთი შთამომავალი, რომელიც მართალ კაცად იწოდებოდა და იყო იუდას საუკეთესო მეფეთაგანი.  მასზე ნათქვამია, რომ „სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი იქცეოდა“.  მან თავისი რწმენა უფლის მიმართ დაამტკიცა იმით, რომ დაანგრია მაღლობები, სადაც ერი კერპებს ეთაყვანებოდა. "იგი უფალზე, ისრაელის ღმერთზე იყო მინდობილი, უფალს მიეკრა და მის კვალს არ განდგომია; იცავდა მის მცნებებს, რომელიც მოსეს პირით ბრძანა უფალმა."(4 მეფეთა 18:6).   ასე წერია მასზე წმინდა წერილში. და აი სწორედ ამ ღმერთის კაცმა, რწმენის გმირმა,  დაუშვა ის, რასაც უშვებენ მრავალნი, როდესაც ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან. და  მეფე ხიზკიაჰუ იყო რა ამ უიმედო მდგომარეობაში, ყოველი მხრიდან გარშემორტყმული მტრებისგან,  თავისი სიცოცხლის საფასურს სთავაზობს თავის მოწინააღმდეგეს: „ პირი იბრუნე ჩემგან და რასაც დამაკისრებ, ვიტვირთებ”(4 მეფეთა 18:14).  და დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიაჰუს. ეს იყო მისი მხრიდან პრაქტიკული შეთავაზება - დამისახელე საფასური და მე გადავიხდი. და ვინ ამბობს ამას? ღმერთის ადამიანი.  რა სამარცხვინოა და დამამცირებელი ღმერთის შვილისთვის თავისი თავისუფლებისათვის მტერთან ვაჭრობა. მიაქციეთ ყურადღება, რომ თანხა, რომელიც სანქერიბმა დაუსახელა არც თუ ისე მცირე აღმოჩნდა: „ სამასი ტალანტი ვერცხლი და ოცდაათი ტალანტი ოქრო.“(4 მეფეთა 18:14).  დაბრუნდა რა ტაძარში, ხიზკიაჰუმ ნახა რომ ტაძრის ხაზინაში ასეთი თანხა არ მოიპოვებოდა, ის თითქმის ცარიელი იყო.  და რას აკეთებს იგი? მან „შემოაცალა ოქრო უფლის ტაძრის კარებსა და ზღურბლებს, რომლითაც ადრე თვითონვე მოჭედა და მისცა აშურის მეფეს.“( 4 მეფეთა 18:16).  დიახ, სწორედ ამ გარიგებით ფიქრობდა ხიზკიაჰუ, რომ იგი გამოისყიდიდა თავის თავისუფლებას და რომ დაამშვიდებდა მოწინააღმდეგეს. შეძლო კი მან ამის მოხერხება? თქვენ იკითხავთ: როგორ მოუვიდა უფლის კაცს ასეთი რამ?   მეგობრებო, განა იგივე არ ხდება დღევადელ დღესაც?  უფლის საქმეში წარმატების მისაღწევად, განა იგივენაირად არ იქცევიან ადამიანები?  ნახეთ როგორი გაღარიბებულები ვართ ჩვენი კომპრომისების გამო. ჩვენი უფლისადმი მსახურებიდან მოცილებულია ოქროს უშუალობა და  უბრალოება და შეტანილია ადამიანების მიერ მოგონილი წესები და რიტუალები, რომლებიც არანაირად არ შეესაბამება უფლის თაყვანისცემას სულში და ჭეშმარიტებაში. ჩვენ შემოვაცალეთ უფლის ტაძრის კარებებს ოქრო იმით, რომ მასში შევიყვანეთ ადამიანები, რომლებსაც არანაირი კავშირი უფალთან არა აქვთ, ჩამოვაშორეთ ოქრო იმ ძვირფასი ევანგელისტური სწავლების დოქტრინებისა და შევწყვიტეთ ამა თუ იმ ჭეშმარიტების ქადაგება იმ მიწიერი ადამიანების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რომლებიც ჩვენს საკრებულოებში შემოვუშვით. განა არ გავაკეთეთ ასეთი რამ?  როდის გავიგებთ, რომ სწორედ ეს ადამიანები, რომლებისგანაც კეთილნებობას და კმაყოფილ ღიმილს ველოდებით, არასოდეს ჩვენი ძღვენით კმაყოფილნი არ იქნებიან?  დამიჯერეთ, ისინი იმ დრომდე არ დაკმაყოფილდებიან, სანამ მთელ ჩვენს ქონებასა და საგანძურს არ მივცემთ, რომლებიც იესო ქრისტეში გაგვაჩნია.  "შეაჩერეთ ასეთი მსახურება, არ გააკეთოთ ეს, არ იქადაგოთ ის, ამაზე არ ილაპარაკოთ" -  ასე გვკარნახობენ ისინი. და სამწუხაროდ ზოგიერთმა ჩვენგანმა ჩვენს სანქერიბს გამოსასყიდი მართლაც გადაუხადა, მათ ღვთიური ოქრო გადაუხადეს ჩვენს კრედიტორებს.
        საყვარლებო, განა  არ არის დრო, რომ ჩვენი ღმერთის დახმარებით მტერს ვუთხრათ „არა“, ჩვენ უარს ვამბობთ ამიერიდან კიდევ ვუხადოთ ჩვენს გამომძალველს, და ამის მაგივრად რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენ ჩვენს უფალზე დავამყარებთ იმედს, რადგანაც მას ერთადერთს შეუძლია ჩვენი უბედურებიდან გამოყვანა ყოველგვარი დახმარების გარეშე.  და მეგობრებო, თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, დავღუპავთ უფლის საქმესაც და საკუთარ თავსაც დავიღუპავთ. მტრის სურვილებსა და სიხარბეს საზღვარი არ გააჩნია, მას ვერაფრით ვერ დააკმაყოფილებ. მეგობრებო, უმჯობესია ღმერთის უბრალო სახლში გადავბარგდეთ, ვილოცოთ ქოხებში, სადაც სიცივეა, მაგრამ გვყავს ქრისტე და მისი თავისუფლება, ვიდრე ვიქცეთ მკვდრებად და არავისთვის გამოსადეგად, მხოლოდ ქრისტიანის სახელის წოდებით, მაგრამ მისი ღიმილისა და კურთხევის გარეშე. ქრისტემ თქვა: „ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.“(ლუკა 6:26).  მითხარით, რა სარგებელია იმაში რომ ყველა შეგვაქებს, შეგვაქებს მთელი მიწიერი სამყარო და გაგვამართლებს, თუკი ჩვენ ყველაზე ძვირფასს დავკარგავთ - უფლის თანდასწრებასა და მის კეთილნებობას. ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ ქვეყნის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, სანამ ჩვენს იარაღს არ დავყრით და მთლიანად მას არ ჩავბარდებით. დიახ, სამწუხაროდ ხიზკიაჰუმ გამოსასყიდი გადაიხადა, რის შედეგადაც სანქერიბი უნდა დახსნოდა მას. მაგრამ გააკეთა მან ეს? არც კი უფიქრია. მისი მიზანი ერთი იყო, დაეპყრო ხიზკიაჰუ, დაემორჩილებინა და ერთხელ და სამუდამოდ გაენედგურებნა. ამაზე ნაკლები მას არ დააკმაყოფილებდა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მაშინვე, როდესაც ხიზკიაჰუმ მას გაუგზავნა განძეულობა და მისცა გამოსასყიდი, სანქერიბი სარკასტულად ყველას გასაგონად ამბობს: „ ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, როცა გაქეზებთ: უფალი გვიხსნისო"(4 მეფეთა 18:32).  ეს იყო მას შემდეგ, რაც ხიზკიაჰუმ მისცა მას გამოსასიდი ოქრო. ასეთი იყო მტრის მადლიერი პასუხი. 
             ო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, როდის გავიგებთ და მივხვდებით, რომ მტერთან კომპრომისი არასოდეს სასიკეთოდ არ დამთავრდება, ჩვენ მტერს ესმის მხოლოდ ერთი პასუხი: „დაწერილია“.  ამაზე მეტი ბოროტისაგან არის, გვასწავლის წმინდა წერილი. ალბათ გაიხსენებთ იმ დროს, როდესაც თქვენ მთელი გულით ცდილობდით,  რომ თქვენი ურწმუნო მეგობარი ქრისტესთან მიგეყვანათ.  თავიდან იგი ჯიუტობდა, მაგრამ მერე შემოგთავაზათ კომპრომისი, „მოდი მე წამოვალ შენს ქრისტიანულ შეკრებაზე, მაგრამ მაშინ შენ ჩემთან ერთად  წამოდი გასართობად“,  ანდა „შენ შეწყვიტე უფლისთვის მსახურება, და მე სმას დავანებებ თავს“.  გამოვიდა აქედან რამე? მე გეტყვით სადამდე მიგიყვანათ ამან. ასეთი კომპრომისით, თქვენ თავად აღმოჩნდით სულიერად სიკვდილის პირას, თქვენი მეგობარი კი კიდევ უფრო კარგად დარწმუნდა, რომ თქვენი რწმენა ერთ ცენტადაც არა ღირს, თუ ასე იაფად შეგეძლოთ მისი გაყიდვა.  ო, რამდენი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც ადამიანები კარგავდნენ ამ ძვირფას ოქროს, სულ ერთ საცოდავ ტაშის დაკვრაზე.  დიახ, ასე ეუბნება სატანა ქრისტეს:“ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ”(მათე 4:9).  როგორც ხიზკიაჰუს ატყუებდა იგი, ასევე ცდილობდა იესოს მოტყუებას.  ო, რამდენი ახალგაზრდა დარჩა სულიერად ხელმოცარული მტრის შესანიშნავი მოტყუებით, ვიდრე მიხვდებოდნენ, რომ შემოთავაზებული პურის ნაცვლად, მათ ქვა გადაყლაპეს.  ძვირფასო მეგობრებო, „ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“(ეფესელთა 4:27) - გვეუბნება უფლის სიტყვა.  ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მტერი ხიზკიაჰუს თავს დაესხა მაშინ, როდესაც მან კერპებისაგან უდიდესი განწმენდა ჩაატარა.  თითქოს უცნაურადაც კი მოგვეჩვენება, რომ უფლის მიმართ ასეთი მოშურნეობის მერე, ღმერთმა დაუშვა ასე მძიმე გამოცდა. მაგრამ ეს  მოხდა იმისთვის, რომ ხიზკიაჰუს გული გამოცდილიყო და გამომზეურებულიყო თუ რა ჰქონდა მას გულში, როგორ მოიქცეოდა.  ადვილია იყო ქრისტიანი მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად არის, როდესაც წარმატებებით ვართ გარემოცულნი და როდესაც ყველანი გვაქებენ, მაგრამ ესენი მატყუარა ცეცხლები არიან.  როგორები ვარ მაშინ, როდესაც მტერი გვავიწროვებს?  როგორ მივენდობით უფალს მაშინ, როდესაც მტერი გამომწვევად დაგვცინის და თავს გვესხმის?  რისი იმედი გვაქვს, რაზე ვართ დანდობილნი?  დაგეხმარება იგი ეხლა?  დაგიცავს მტრისაგან და გამოემართება შენს დასაცავად? სად არის ამ წუთში შენი ღმერთი?
            შემობრუნების პუნქტი ამ ისტორიაში იყო ხიზკიაჰუს ლოცვა, როდესაც იგი უფლის სახლში შევიდა, დაემხო ღმერთის წინაშე და დამორჩილდა. მან შეჰღაღადა მას თავის ტანჯვებში და უფალმაც შეისმინა მისი ხმა, შეიწყალა და გაუგზავნა თავისი საოცარი დაპირება: “ნუ გეშინიათ მოსმენილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი.აჰა, მოვუვლენ სულს, მოისმენს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისსავე ქვეყანაში დაეცემა მახვილით!” (4 მეფეთა 19:7)
           სიმართლე რომ ვთქვათ, აშურეთი ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე იუდა.  იუდას ათი შტოს დამარცხება ამის აშკარა მაგალითი იყო, მაგრამ ღმერთი შეჰპირდა ხიზკიაჰუს რომ იგი დაიხსნიდა მას.  ასე თქვა უფალმა:“ ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ გაისვრის მასში, ვერ მიეჭრება ფარით ხელში და მიწაყრილს ვერ აღუმართავს წინ.“(4 მეფეთა 19:32) და მართლაც, რა საოცრად შეასრულა უფალმა თავისი სიტყვა და უპასუხა ხიზკიაჰუს ლოცვას. და ნახეთ, რა მოხდა: „ იმ ღამეს გამოვიდა უფლის ანგელოზი და მოსრა აშურის ბანაკში ას ოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი.“(4 მეფეთა 19:35).
            საყვარლებო, არც ოქროთი და არც ვერცხლით, ვერც  კომპრომისითა და ვერც კამათით ვერ დავამარცხებთ ჩვენ მტერს, მაგრამ დავამარცხებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთს დავნებდებით, ვაღიარებთ ჩვენს ურწმუნოებას და მთელს ჩვენს იმედს უფალზე დავამყარებთ.  მხოლოდ მაშინ გვექნება ნამდვილი გამარჯვება. ხიზკიაჰუმ გამოსავალი იპოვა და ეს გამოსავალი მდგომარეობდა იმაში, რომ დამორჩილდა ღმერთს და მის სახელს მოუხმო. მისმა რწმენით ლოცვამ უფრო მეტი მტერი დაამარცხა, ვიდრე დაამარცხებდა რაგინდ ურიცხვი ლაშქრით.   რისი იმედი გაქვს და რაზე ხარ დანდობილი? -  გვეკითხება ჩვენი სულების მტერი, უკეთესია დამმორჩილდე, ჩაგვძახის იგი.  ღმერთი კი გვეუბნება:“არ მიატოვოთ ღმერთის იმედი, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. დიახ, ზოგი იმედს ეტლებზე ამყარებს, ზოგი ცხენებზე, მაგრამ ჩვენ იმედს ჩვენ უფალ ღმერთზე ვამყარებთ და მხოლოდ მისი იმედი გვაქვს.“  ამ იმედს ჩვენ დავითში ვხედავთ, როდესაც იგი გოლიათს ერკინება:“შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან”(1 მეფეთა 17:45).   ჩემო ძვირფასებო, მოდით მთელი ჩვენი იმედი უფალზე დავამყაროთ, რომელიც არასოდეს მოგვატყუებს. ხშირად მოდის ჩვენთან მტერი და გვახსენებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც მის წინაშე დამარცხდნენ, "ისინიც ღმერთზე იყვნენ მინდობილნი?", გვეუბნება იგი.  გავიხსენოთ, სანქერიბმაც ხომ გაახსენა ხიზკიაჰუს, თუ რა დაემართათ სხვა ქალაქებს, რომლებიც თავიანთ ღმერეთს იყვნენ მინდობილნი: "ამ ქვეყნის ყველა ღმერთთაგან, რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ შენმა უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემგან?"(4 მეფეთა 18:35) - ეუბნება იგი. ამ ხერხით დამარცხებული სულები მეც მინახავს და თქვენც გეცოდინებათ.  ისინი, რომლებიც ბოლოს და ბოლოს გატეხა ეშმაკმა თავისი ცდუნებით, თუმცა ჩვენ არ ვიცით ის მდგომარეობები, რომლებმაც ისინი დაცემამდე მიიყვანეს.  განა ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფარხმალი დავყაროთ? პირიქით, მოციქულ პავლესთან ერთად ჩვენც უნდა ვთქვათ: "რადგან ვიცი ვინ ვიწამე, და მწამს, რომ ძალუძს მას იმ დღემდე დაიცვას ის საწინდარი, რომელიც მომენდო." (2 თიმოთე 1:12).   ჩვენ ადამიანებს კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ  "ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს"(ებრაელთა 12:2).  ჩვენ არ შეგვიძლია გარეგნობით განვსაზღვროთ ადამიანები - სულიერები არიან, თუ ხორციელები.  მხოლოდ უფალი ხედავს გულებს და ხედავს ყოველს, ვინც მასზე ამყარებს იმედს. ღმერთის სიტყვა ამბობს: "უფალზე დანდობილი დაცული იქნება"(იგავნი 29:25) და "ყოველი მისი  მორწმუნე არ შერცხვება"(რომაელთა 10:11).  ჩვენ არ ვამყარებთ იმედებს ჩვენს საკუთარ ძალებზე, არამედ მთლიანად მის მარჯვენას ვენდობით, რომელიც საკმარისად ძლიერია და შემძლე რომ გვიხსნას, მადლობა მას. ჩემო საყვარლებო, არ იფიქროთ, თითქოსდა სანხერიბი მოკვდა.  იგი ეხლაც ცოცხალია, და როდესაც ის მთელი თავისი შეიარაღებული ჯარით წარსდგება თქვენს წინაშე, თქვენ მხოლოდ ერთი გზა გექნებათ გადასარჩენათ, და ეს გზა მხოლოდ უფალზე მინდობაა.
              ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მდგომარეობიდან გამოსასვლელად ყველა გზა ცადეთ და აბსოლუტურად ყველა უშედეგო აღმოჩნდა? მაგალითად, თქვენ ლოცულობდით თქვენი ახლობლების სულებზე, რომ გადარჩენილიყვნენ, ისინი კი სულ უფრო და უფრო ცოდვაში ეფლობოდნენ?  ყველა ნიშნებით ჩანდა, რომ თქვენი ლოცვები მხოლოდ და მხოლოდ ართულებდნენ მდგომარეობას.  ჩემო ძვირფასებო, ღმერთი ასეთ რამეს უშვებს იმიტომ, რომ თქვენი სასოება და იმედი მხოლოდ ღემრთში იყოს.  ის "ნათელივით გამოიტანს სიმართლეს შენსას"(ფსალმუნი 36:6) და ეს მოხდება მხოლოდ მის მიმართ რწმენით.  თუ შენ უფლის შვილი ხარ, გთხოვ ნუ დაივიწყებ, რომ მას უნდა მიენდო ყოველთვის, რა სიტუაციაშიც არ უნდა ჩავარდე, მოუხმე უფლის სახელს.  ხოლო თუ შენ იესო ქეისტეს ჯერ არ იცნობ და ჯერ არა ხარ მასთან შერიგებული მისი სისხლის მეშვეობით, იცოდე:  რომ შენცა გაქს მასთან მისასვლელი იგივე რწმენით, მოუხმე მის სახელს.  იესო ქრისტეს სისხლს შეუძლია დაამსხვრიოს მტრის ძალაუფლება თქვენზე, იგი მოვიდა ამ ქვენყად , რომ მოიძიოს და გადაარჩინოს დაღუპული სული. მას ერთადერთს შეუძლია შენი ცოდვის მონობიდან გამოყვანა.
        ჩემო მეგობარო, რისი იმედი გაქვს და რაზე ხარ დანდობილი?  შენ შენი საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების იმედი ხომ არ გაქვს? იგი გადატეხილი ლერწამია, რომელსაც არ ძალუძს შენი დახმარება. მას შენი გადარჩენა არ შეუძლია. ქრისტეს დაუძახე საშველად საწყალო ცოდვილო ადამიანო, იგი შენ მშვიდობასა და სიხარულს მოგცემს და უკუნისამდე არ დაიღუპები. ქრისტეს სახელს მოუხმე ისევე, როგორც ბავშვი ეძახის მამას. თუ ცდუნება და განსაცდელი მრავალი გერგო, ქრისტეს სთხოვე ძალები გასამკლავებლად. განა არ დადგა დრო, რომ ეხლავე მიაკითხო უფალს? იგი გელოდება, რომ შენი გულის ამოძახილი მოისმინოს,  რადგან "არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ გიხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური რომ გისმინოს" (ესაია 59:1). 
დაე დაგეხმაროს უფალი, რომ მიხვიდე მასთან დღეს შენ.

            

მქადაგებელი: იარლ პეისტი

მთარგმნელი: მაია ბერიძიშვილი 






                      ღმერთის მიერ დასმული კითხვები

       წმინდა წერილში რამდენიმეჯერ გვხვდება ადგილი, როდესაც ღმერთი კითხვებს უსმევს კონკრეტულ ადამიანებს. იმ სურვილით, რომ ასეთ ადგილებს კიდევ უფრო ახლოს გავცნობოდი, დავიწყე ფურცელ ფურცელ გადახედვა ბიბლის წიგნისა და გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ ვიპოვე ამის საკმაოდ ბევრი შემთხვევა. თავიდან მართლაც უჩვეულოდ ჩანს ის ფაქტი, რომ თავად ღმერთი უსმევს კითხვებს ადამიანებს, თითქოსდა მან რაღაც შეიძლება არ იცოდეს და ადამიანისაგან აპირებდეს რაიმეს გაგებას. ამ დროს, სრულიად სამართლიანად ისმება კითხვა: მაშ როგორღა არის ღმერთი ყველგან არსებული და ყოვლისმცოდნე.

       ცნობილია, რომ ღმერთისთვის არაფრის გარკვევა არ არის საჭირო, ვინაიდან მან ყველა სიტუაციაში ყველაფერი იცის; სხვა შემთხვევაში ის ღმერთი აღარ იქნებოდა. მაშ რაღაში სჭირდება მას, რომ საერთოდ რამე კითხვა დაუსვას ადამიანს? ამისათვის მართლაც რაღაც მიზეზი უნდა არსებობდეს, ასე არ არის? ღმერთი ხომ ტყუილად არაფერს არც ლაპარაკობს და არც არაფერს ამბობს ზედმეტს. და მე აი რას მივაგენი. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ღმერთი ადამიანს კითხვებს აძლევს, იგი ამით ამზადებს მას კურთხევისათვის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ის საფუძველს ყრის, რომ მასზე თავისი კურთხევა დააშენოს.

     მოგიყვებით ერთ შემთხვევას. რამოდენიმე თვის განმავლობაში მე საშუალება მქონდა დაკვირვებით მედევნებინა თვალყური ახალი სახლის კონსტურქციისათვის. იმისათვის რომ ეს 10 სართულიანი შენობა აეშენებინათ, საჭირო იყო 3 ძველი სახლის დანგრევა. ამას მოჰყვა მთელი რიგი აფეთქებები რამოდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნისათვის სრულდებოდა; და ეს მიზანი იყო ჩაეყარათ ძალიან მაგარი, მტკიცე საფუძველი. მთელი ამ დროის განმავლობაში თვალყურს ვადევნებდი სამუშაოების მსვლელობას და პროგრესი საკმაოდ მცირე თუ შეიმჩნეოდა. თავად შენობის აშენება ჯერ ეს ეს არის იწყებოდა. ჩვენ ყველამ ვიცით, რაოდენ აუცილებელია კარგი საფუძვლის ჩაყრა. ამის გარეშე სახლი შესაძლებელია იყოს დიდი, ლამაზი და გარეგნულად გამძლეც კი ჩანდეს, მაგრამ თუ ის დგას სუსტ, მყიფე და არასაიმედო საძირკველზე, მაშინ მთელი შენობა სრულიად უფასური ხდება. ამის შესახებ რა თქმა უნდა არავინ კამათობს.
ჩემო ძვირფასებო, ამ ამბის მსგავსად საჭიროა, რომ ღმერთს ჰქონდეს მყარი საფუძველი ადამიანის გულში, ვიდრე იგი თავის კურთხევას ააშენებდეს მასზე. ამ საფუძველის გარეშე კურთხევა შეუძლებელია. ეს საფუძველი კი რომელზეც ღმერთი თავის კურთხევას აფუძნებს, სხვა არაფერია, თუ არა აღსარება, ჩვენი ცოდვების აღიარება ღმერთის წინაშე.
უფლის წინაშე იმის აღიარება, თუ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ, არის სწორედ ის საერთო ადგილი, სადაც ღმერთი ხვდება ცოდვილ ადამიანს. მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვა - აღიარება? აღიარება არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი ეთანხმება ღმერთს. იგი ეთანხმება უფალს იმაში, რასაც ის(ღმერთი) ამბობს. ცოდვილი ადამიანი ეუბნება ღმერთს ხო-ს. იგი ეთანხმება მას იმ ვერდიქტში, რომელიც ღმერთს გამოაქვს ცოდვისა და დაცემული ნატურის მიმართ. ღმერთი ამბობს, რომ ადამიანი ცოდვილია, და თუ ადამიანი მთელი წრფელი გულით იტყვის - დიახ, მე ცოდვილი ვარ, მე ვარ გაფუჭებული ჩემივე ცოდვილობითა და ურჯულოებით, მე დაკარგული და გზააბნეული ცოდვილი ვარ, - ეს გახდება ის ნიადაგი, სადაც ღმერთი შეხვდება მას და აკურთხებს. მხოლოდ და მხოლოდ ასეთ საძირკველზე შეუძლია ღმერთს ადამიანის კურთხევა, და ეს საძირკველი აღსარებაა, აღიარება იმისა, თუ ვინ არის იგი თავისი ნატურით. ღმერთი არასოდეს დათანხმდება სხვანაირად მის კურთხევაზე. ამიტომაც არის, რომ ჩვენი უფალი, ყველა ღონეს ხმარობს, მიიყვანოს იგი ამ ადგილამდე და მერე აკურთხოს.
ერთადერთი ღმერთის მეთოდი ამის გაკეთებისა არის ის, რომ იგი უსმევს მას კითხვებს.
      პირველი ასეთი შემთხვევა, როდესაც ღმერთმა ადამიანს კითხვა დაუსვა, იყო სწორედ იმ მიზნისათვის, რომ მიეყვანა იგი აღსარებამდე. ეს შემთხვევა, ჩვენთვის ყველასათვის ძალიან ნაცნობია. ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც მოსიყვარულე და წმინდა ღმერთმა, განაწყენებულმა პირველი ადამიანის - ადამის დაუჯერებლობით და შეცოდებით, აიღო ინიციატივა და თავად მოძებნა იგი, რათა აღედგინა თავისთან ურთიერთობაში. და სწორედ ამ დროს ვხედავთ, რომ ღმერთი კითხვას უსმევს ადამიანს: "ადამ, სადა ხარ?". ადამი სირცხვილით, შიშითა და სინდისის ქეჯნით იმალება ბაღის ხეებს შორის, ღმერთი კი მას ეძებს. "ადამ, სადა ხარ? კითხულობს ღმერთი. განა ღმერთმა არ იცოდა სად იმყოფებოდა ადამი? ანდა სად იმალებოდა იგი? რაღა თქმა უნდა, რომ იცოდა. ღმერთმა მშვენივრად იცოდა ადამის ადგილსამყოფელი, მაგრამ მას ამ კითხვით უნდოდა, რომ ადამში გამოეწვია აღსარება, მას უნდოდა, რომ ადამს ეღიარებინა თავისი საქციელი, თავისი ცოდვა, და ის, რომ ღმერთს ვერსად დაემალებოდა. ღმერთს არ შეეძლო მისი კურთხევა, მისი პატიება და გამართლება მანამ, სანამ ადამი არ აღიარებდა თავის შეცოდებას. ამიტომაც ეკითხება იგი: "ადამ, სად ხარ?"
"მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე” (დაბადება 3:10).  აქამდე ადამმა არ იცოდა რა იყო შიში. ამ შემთხვევამდე, მას არასოდეს დასჭირვებია დამალვა, ახლა კი ის აცნობიერებს, რომ შეცოდების მერე იგი განიცდის შიშსა და სირცხვილს, რომ მას ეხლა სინდისი ადანაშაულებს. ამას შემდეგ ღმერთი მეორე კითხვას უსმევს ადამს, რომ უფრო დააზუსტოს და დააკონკრეტოს მისი დანაშაული: "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ადამმა თავისი ცოდვა აღიარა და ღმერთმა მსჯავრი დასდო ამ ცოდვას, ნათქვამია: "გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა." (დაბადება 3:11)
       რა საოცარი ჭეშმარიტებაა დამალული ამ ღვთაებრივ მოქმედებაში. ჩვენ ვიცით, რომ ტყავის სამოსელს ვერ მივიღებთ ცხოველის სისხლის დაღვრის გარეშე. ჩვენ აქ პირველად ვხედავთ მსხვერპლშეწირვისა და სისხლის დაღვრის აუცილებლობა ცოდვის გამოსასყიდად. ეს იყო წინასახე იესო ქრისტესი, ღმრთის კრავისა, რომელმაც თავისი უწმინდესი სისხლის დაღვრით, სრულიად დააკმაყოფილა ღმერთის მოთხოვნები.
       დიახ, მადლობა ღმერთს, რომელმაც აიღო ინიციატივა მოეძებნა და გადაერჩინა დაღუპული ცოდვილი ადამიანი. პირველ ეტაპზე მან კითხვების დასმით გამოიწვია აღიარება ადამში, ხოლი ამის საფუძველზე, მან წინასწარგანსაზღვრა გამომსყიდველი მსხვერპლი, რომ გაემართლებინა იგი. დიდება ჩვენს ძვირფას უფალს.
       მეორე ადამიანი, ვისაც ღმერთი კითხვით მიმართავს, ეს არის კაენი- ადამის პირმშო. ამ ისტორიას ვკითხულობთ დაბადების წიგნის მეოთხე თავში. კითხვა ასეთი სახით იყო დასმული: "სად არის შენი ძმა აბელი?”(დაბადება 4:9). აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ეს არ იყო პირველი კითხვა დასმული ღმერთის მიერ კაენის მიმართ. პირველი შეკითხვა კაენს მან დაუსვა ვიდრე იგი თავის ძმას, აბელს მოკლავდა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ძმისგან ძმის მკვლელობა.
        მიაქციეთ ყურადღება, როდესაც ორივე ძმამ ღმერთს ძღვენი მიუტანა - კაენმა მიწის ნაყოფი, ხოლო აბელმა ცხვარი- ღმერთმა გადმოხედა აბელსა და მის ძღვენს, ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა. და ნათქვამია, რომ "დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე."(დაბადება 4:5) და ღმერთი იქვე აძლევს მას კითხვას:
"ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”. (დაბადება 4:6,7)
რას აკეთებს ამით ღმერთი? იგი აძლევს კაენს საშუალებას, რომ მან აღიაროს თავისი ცოდვა, ის, რომ იგი არასწორად მოიქცა, როდესაც ღმერთს მიწის ნაყოფებიდან მიუტანა ძღვენი, ცხოველის სისხლიანი შესაწირავის მაგივრად. მას რომ ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა და ეღიარებინა თავისი დაუჯერებლობა, ღმერთი აპატიებდა და ამით თავიდან აიცილებდა მკვლელობის ცოდვას. ჩვენ აქ ვხედავთ იმის მაგალითს, რომ აღსარების გარეშე დარჩენილი ცოდვა წარმოშობს მეორე ცოდვას. კაენს არ გაუცია პასუხი ღმერთის მიერ დასმულ პირველ კითხვაზე. მას არ უღიარებია თავისი დანაშაული და ამის შედეგი გახდა ის, რომ იგი იქცა ძმის მკვლელად. სწორედ აქ ჩანს დიდებული, უსაზღვრო, მიუწვდომელი სიყვარული და მადლი ღმერთისა, ყველაზე გაქვავებული და მოუნანიებელი ცოდვილის მიმართ. ყველაზე საშინელი შეცოდების მერეც კი, ღმერთს ცოდვილი ადამიანი არ მიუტოვებია. მაშინ, როდესაც კაენის ხელები ისევ ძმის სისხლით იყო გამთბარი, ღმერთი ისევ ეძებს მას. "სად არის შენი ძმა აბელი? (დაბადება 4:9) ეკითხება იგი. განა ღმერთმა არ იცოდა სად იყო აბელი? განა მას არ დაუნახავს, როგორ დაფლა მიწაში იგი კაენმა? რათქმა უნდა, ღმერთმა ყველაფერი დაინახა და მან ყველაფერი მშვენივრად იცოდა. მაგრამ იგი მეორედ უსმევს კაენს კითხვას, რომ მასში გამოიწვიოს აღიარება, მიიყვანოს იგი მონანიებამდე, რომ მან აღიაროს თავისი შეცოდება. და როგორ უპასუხა კაენმა ამ კითხვას? მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ პირველი კითხვისთვის მას საერთოდ არ გაუცია პასუხი. მეორედ კი უნამუსოდ ატყუებს ღმერთს. მე "არ ვიცი" - ამბობს იგი. პირველი მკვლელი ეხლა ხდება პირველი მატყუარაც. ერთი მოუნანიებელი ცოდვა წინ უძღვის მეორეს. ის ამბობს:"განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?” (დაბადება 4:9).  ახლა იგი არა მარტო პირველი მკვლელი და პირველი მატყუარაა, არამედ პირველი ეგოისტიც. და მიუხედავად იმისა, რომ ის პირველ კითხვას საერთოდ არ პასუხობს, მეორეზე იგი იტყუება და თავს იმართლებს. ყველაფრის მიუხედავად ღმერთი ახლა უკვე მესამედ აძლევს შანსს რომ მოინანიოს და ეუბნება: "ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს." და ამის შემდეგაც კაენს არ უპასუხია ღმერთისთვის, არ მიუქცევია ყურადღება ღმერთის მოთმინებისა და მადლიანობისთვის, და ღმერთი იძულებული გახდა დაემატებინა ეს სამწუხარო სიტყვები: "ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი.დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!” (დაბადება 4:10,11,12)
უკანასკნელს, რასაც ჩვენ კაენზე ვკითხულობთ, სავსეა მწუხარებითა და ტრაგედიით. ისინი ლაპარაკობენ თვითოეულ მოუნანიებელი ცოდვილის სულის მდგომარეობაზე, რომელიც არ აღიარებს ღმერთის წინაშე თავის ცოდვებს. აი რას ვკითხულობთ წმინდა წერილში: "გაშორდა კაენი უფლის სახეს" (დაბადება 4:16). განა შეიძლება იყოს რაიმე ამაზე სამწუხარო მოსასმენი: "გაშორდა კაენი უფლის სახეს".
ჩემო მეგობრებო, თვითოეულო მკითხველო, ღმერთი გეკითხება შენ: "სად ხარ?". შენ: დარეჯან, ნუგზარი, ნათია, მაია, სად ხარ? რისთვის არის საჭირო ეს კითხვა? განა ღმერთმა არ იცის სად ხარ შენ? რაღა თქმა უნდა რომ იცის, მაგრამ ის გეძებს შენ, რომ გადაგარჩინოს. იგი გიცდის, რომ შენ აღიარო შენი ცოდვა და რომ მან თავისი მხრიდან გაპატიოს და გიხსნას.
გავიხსენოთ კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ღმერთი უსმევს კითხვას. ეს ადამიანი არის იაკობი. იაკობი ღმერთის მითითებით, თავისი ბიძის ლაბანის სახლში ოცწლიანი მძიმე შრომის შემდეგ, ბრუნდება სამშობლოში, რომ მიიღოს ღმერთის მიერ მის მიმართ შეპირებული კურთხევა. "ადექი და წადი" - ეუბნება მას ღმერთი. იაკობი უჯერებს ღმერთს და ადგება გზას, მაგრამ გზაში ის ხვდება სიძნელეებს ერთი მეორის მიყოლებით. თავიდან ლაბანი ეწინააღმდეგება. იგი ყველა ღონეს ხმარობს, რომ გზა გადაუღობოს. ამის მერე იაკობს მოსდის ამბავი, რომ მის შესახვედრად მოდის მასზე განაწყენებული ძმა ესავი ოთხასი კაცითურთ. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ თითქოსდა თავად ღმერთიც ეწინააღმდეგებოდა მას. თითქოსდა კედელთან მიაწნეხესო და გამოსავალი არსაიდან ჩანდა. მას უკან დაბრუნება აღარ შეუძლია და წინაც ვეღარ მიდის. ამ სიტუაციაში მხოლოდ ღმერთს შეუძლია რაიმე გააკეთოს იაკობისთვის. ეს შექმნილი მდგომარეობა იყო ღმერთის ხელი მის ცხოვრებაში, რომელმაც ყველანაირი სიტუაცია მოაწყო ისე, რომ იგი ჩიხში მოემწყვდია, მაგრამ ამავე დროს ეს ყოფილიყო მისთვის ისეთი ადგილი და მდგომარეობა, სადაც უფალი შეძლებდა იაკობის კურთხევას. ღმერთი ხომ შეჰპირდა იაკობს კურთხევას? ხოდა მას უნდა შეესრულებინა თავისი სიტყვა. იაკობს სურს მიიღოს ღმერთის დანაპირები, მაგრმ აქ ერთი პირობა იყო შესასრულებელი. ესე იგი სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ერთი რჩებოდა. იაკობი ცდილობდა კურთხევის მიღებას აღსარების გარეშე, თვინიერების, ცოდვების აღიარების გარეშე, ხოლო ღმერთს, რომელმაც მას დაპირება მისცა, არ შეეძლო შესრულება. იაკობი შეპირებული მიწის მიღებას აპირებდა თავისი ძალებით, მაგრამ ეს ჩემო საყვარლებო შეუძლებელია. ღმერთის წყალობა არ მიიღება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ფიქრობენ მის შეძენას თავისი დამსახურებებით :" ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს" (იაკობის წერილი 4:6, პეტრეს პირველი წერილი 5:5) - გვასწავლის წმინდა წერილი. დიახ, ღმერთი შეჰპირდა კურთხევას იაკობს, და მან თავისი დაპირება აუცილებლად უნდა შეასრულოს. დიახ, იაკობმა ეხლა უნდა მიიღოს დანაპირები, მაგრამ მას ხელს თავისი შეუპოვარი, ამაყი ნატურა უშლის. ამიტომ ღმერთი ცდილობს მის დამორჩილებას, რომ გახადოს უნარიანი მისი კურთხევის მიღებისა. დიახ ძვირფასო ადამიანებო, სანამ ღმერთი არ გაგვტეხს, ჩვენ უძლურები ვართ მივიღოთ უფლისაგან ის, რაც მას ჩვენთვის აქვს გამზადებული. ბრძოლა უფლის ანგელოზსა და იაკობს შორის ჩვენ გვესაუბრება უფლის მეთოდებზე, რომელიც გამოიყენება რომ დაიმორჩილოს, უძლური გახადოს გაამაყებული და გაამპარტავნებული ხორცი.
ჩემო მეგობარო, სანამ შენ ფიქრობ, რომ შენში არის რაიმე ისეთი, რომელიც იმსახურებს გადარჩენას, შენ შორს ხარ ჯერ ამ გადარჩენისაგან. ღმერთი არასოდეს წავა კომპრომისზე დაცემულ ადამიანთან.
იაკობი, თავისი დაუმორჩილებელი, აღსარების გარეშე დარჩენილი მდგომარეობით ფიქრობს, რომ ღმერთია მისი მტერი, რომელიც ხელს უშლის მას კურთხევის მიღებაში. მაგრამ ასეთია ღმერთის გზები. და ჩვენ ვხედავთ რომ მხოლოდ ერთი შეხებით იაკობის თეძოს სახსარზე, ღმერთი მას უძლურად ხდის. იაკობი იმის მაგივრად, რომ მას გაქცეს, ჩაეჭიდება და კურთხევას სთხოვს, ეხვეწება: "არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”. მთელი ღამე ებრძოდა იაკობს უფალი, რომ დაემორჩილებინა იგი და გაეხადა შემძლე მისი კურთხევის მიღებისა, იაკობი კი ეწინააღმდეგება. მთელი ღამის ბრძოლის მერე, ღმერთი იძულებული იყო, მისი თეძოს სახსარი დაეზიანებინა. თავიდან იაკობი ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი ეუბნება: "არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ” (დაბადება 32:26)
როდესაც ჩვენ სასოწარკვეთილები ვლოცულობთ, როდესაც გვეჩვენება რომ ეს-ეს არის უკვე შეიძლება პასუხიც მივირღოთ ამ ლოცვაზე, მაშინ უფლისაგან ისმება კითხვა ჩვენს მიმართ: რა არის შენი სახელი? მე კურთხევას ვითხოვ, ის კი სახელს მეკითხება? და აქ ჩვენ ვხედავთ იგივე გაკვეთილს, იგივე ჭეშმარიტებას. იქამდე, სანამ ღმერთი კურთხევას მოგცემს, იქამდე, სანამ მისგან ხსნას მიიღებ, შენ აღსარება უნდა თქვა მის წინაშე, შენ უნდა აღიარო, ვინ ხარ სინამდვილეში.
განა უფალმა არ იცოდა ვისთან იბრძოდა? განა მან არ იცოდა მისი სახელი? რა თქმა უნდა იცოდა, და იგი მაინც კითხულობს:"რა გქვია?" მას არ უკითხია, რას ისურვებდი, რომ გერქვას? არა, "რა გქვია?
საცოდავი, გულმოდრეკილი, უძლური, დაზიანებული ადამიანი ეხლა უკვე მზად არის აღიაროს თავისი ნამდვილი სახელი. დიახ, ჩემი სახელი იაკობია, იძახის იგი, მომხვეჭელი, ცბიერი, მოხერხებული, მატყუარა, ქურდი.   ღმერთო, აი ვინ ვარ მე, აი რა არის ჩემი სახელი. ის მზად არის აღიაროს თავისი ნამდვილი ხასიათი, ხოლო უფალი მზად არის მისი კურთხევისათვის. სახელი იაკობი ნიშნავს გამომძალველს ღალატით, ტყუილით და ცბიერებით. ასეთი იყო მისი ნამდვილი ხასიათი. ის ყოველთვის ცბიერიბით, მოტყუებით და ძალით მიიწევდა წინ და ეხლა მას ეს თანდაყოლილი ხასიათი უნდა ეღიარებინა ღმერთის წინაშე, კურთხევის წინ.
ჩემო მეგობარო, შენთანაც მოდის უფალი და გეკითხება: სად ხარ? რა არის შენი სახელი? რატომ აკეთებს იგი ამას? იმიტომ რომ შენ მის წინაშე აღსარება თქვა, რომ შენ აღიარო ყველაფერი, რადგან მას შენი გადარჩენა სწყურია. ო, ნუ იქნები როგორც კაენი, რომელიც გაშორდა უფლის სახეს, მარადიულობაში ღმერთისა და გადარჩენის გარეშე, უფლის წინაშე აღსარების გარეშე. რამდენი შესაძლებლობა მისცა მას ღმერთმა, რომ თავისი ცოდვა ეღიარებინა, მაგრამ მან არ ისურვა. მოიქეცი ისე, როგორც მოიქცა იაკობი. უთხარი მას შენი სახელი. ის ხომ იმიტომ გეკითხება, რომ მერე გაკურთხოს. გაგიკეთებია შენ ეს როდესმე? გითქვამს შენი სახელი? მან იცის ყველაფერი, მაგრამ ელოდება შენს აღიარებას. გაგიცნობიერებია ოდესმე გულწრფელად, გააზრებულად და წარმოგითქვამს შენი სახელი გარკვეულად, გაცხადებულად? თუ ეს ასეა, ღმერთის სიტყვაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ იმ წუთას, როდესაც შენ ამას გააკეთებ, იგი შენ არა მარტო გაპატიებს, არამედ შენში მოხდება სრული ცვლილება, სრული გადატრიალება, ძველი წავა და ყველაფერი ახალი გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, შენ გახდები ახალი ქმნილება იესო ქრისტეში.
იმავე წუთში, როდესაც იაკობმა თავისი სახელი წარმოთქვა, ღმერთმა მას სახელი შეუცვალა და უწოდა "ისრაელი", რაც ნიშნავს გქონდეს ძალა ღმერთთან და ადამიანებთან. არ გასულა ერთი წუთიც მას მერე, რაც ბიბლიურმა დავითმა აღიარა თავისი ცოდვა, და ნათან წინასწარმეტყველმა წარმოთქვა პატიების სიტყვა: "უფალმაც მოგიტევა ცოდვა" (2 მეფეთა 12:13)
ო, ჩემო მეგობარო, შეწყვიტე ღმერთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მიეცი მას შენი გული სრული წყალობის იმედით, ჩაეკარი მას გულში და იპოვი ჭეშმარიტ ბედნიერებას, სიმშვიდესა და სიხარულს. ის შენ გაპატიებს, განგბანს თავისი უწმინდესი სისხლით და მოგცემს ახალ სახელს. იაკობის ნაცვლად შენ იქნები ისრაელი, ესე იგი მეფის შვილი, რომელსაც აქვს ძალაუფლება ღმერთთან და ადამიანებთან, და შენი გული იმღერებს, თუ როგორ გიხსნა მან თავისი ძლიერი მკლავით, როგორ გადაგარჩინა და მოგცა ახალი გული და ახალი სიცოცხლე. დაე დაგეხმაროს უფალი ეხლა იქ, სადაც ამ წუთას იმყოფები, რომ პასუხი გასცე მის ფაქიზ დაძახებას, რომ აღიარო მასთან შენი ცოდვები, რომ შეძლოს შენი კურთხევა თავისი საოცარი გადარჩენით.
მქადაგებელი: იარლ პეისტი

მთარგმნელი: მაია ბერიძიშვილი 

No comments:

Post a Comment

მოგესალმებით  "ქრისტიანი მლოცველი"ს ვებ-გვერდის ყველა სტუმარს! ქრისტინული ვებ-გვერდის " ქრისტიანი მლოცველი "ს მიზანია - ...